სად არის გახსნილი უსახლკაროთა თავშესაფრები
123

სად არის გახსნილი უსახლკაროთა თავშესაფრები

საქართველოში ასეთი ყინვა რამდენიმე ათეული წელია, აღარ დაფიქსირებულა. ბუნებრივია, ამის გამო განსაკუთრებული პრობლემები შეექმნათ იმ ადამიანებს, რომელთაც საცხოვრებელი ან საერთოდ არ აქვთ, ანდა მათ თავშესაფარს სახლს ვერ დაარქმევ. ბოლო ორი კვირის მანძილზე, ათზე მეტი ადამიანი მოიყინა, ორი უსახლკარო კი ქუჩაში მოიყინა და გარდაიცვალა. 12 თებერვალს სტუდია "ობიექტივმა'' საკუთარ ოფისში (კინოს სახლში) უსახლკაროებისთვის საგანგებო თავშესაფარი გახსნა. მეორე დღესვე, 13 თებერვალს, გიგი უგულავამ დედაქალაქის ხუთივე რაიონში (ვაკე-საბურთალოს რაიონი- ცაგარელის #19; დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი- ვანის ქ. #4; ისანი-სამგორის რაიონი- ზემო ფონიჭალა, მესამე მიკრო-რაიონი #209-ე ბაგა-ბაღი; გლდანი-ნაძალადევის რაიონი- გურამიშვილის #33ა; ძველი თბილისის რაიონი- პეტრიაშვილის ქ. #23) უფასო სასადილოებში უსახლკარო ადამიანებისთვის 3-4-საწოლიანი თავშესაფრების მისამართები გამოაქვეყნა. "ვერსიამ'' 13 თებერვალს ყველა თავშესაფარს მიაკითხა და შეეცადა გაერკვია, რამდენი ადამიანი სარგებლობს ამ სიკეთით და რამდენად ხელმისაწვდომია ინფორმაცია ასეთი პუნქტების არსებობის შესახებ.

13 თებერვალი. გურამიშვილის #33ა. 19.30 სთ.- ღამისგასათევად გამოყოფილი უფასო სასადილო დაკეტილი დაგვხვდა.

ვანის ქ #4. უფასო სასადილოს ხელმძღვანელი თამილა მელითაური: "13 თებერვალს, 3 საათზე მოვიდა ერთი ახალგაზრდა მამაკაცი და ვინაიდან, პირადობის მოწმობაში ეწერა სოფელი დიღომი, ვურჩიეთ, ცაგარელის #19-ში წასულიყო. თუკი იქიდან უკან მოვიდოდა, რა თქმა უნდა, მივიღებდით''.

ვიქტორია კორნიევა, ძველი თბილისის რაიონის მთავარი სპეციალისტი: "4 საწოლია მზად, საჭიროების შემთხვევაში, დავამატებთ. 13 თებერვალს არავინ მოსულა. მთელი ღამე ვმორიგეობთ. პირობაა, ამ რაიონში უნდა იყოს ჩაწერილი ადამიანი, რომელსაც ღამის გათევა უნდა. იმ შემთხვევაში, თუ სხვაგან ადგილი არ იქნება, მაშინ მივიღებთ''.

ნინო ბახტაძე, ვაკე-საბურთლოს გამგებლის მოადგილე
: "13 თებერვალს ორი ადამიანი იყო მოსული, მამაკაცი და მოხუცი ქალი. ქალბატონი ქუთაისელი იყო. ღამე ვერ წავიდა ქუთაისში, პატრულმა მოიყვანა. პატრული ჩვენთან თანამშრომლობს და ვისაც ნახულობს უსახლკაროს, მოჰყავს. მამაკაცი იყო უსახლკარო, დიღმის ბავშვთა სახლში გაზრდილი, დედ-მამა არ ჰყავს, ძმა დაჭერილია. დღეს დილით ადგა, ისადილა და წავიდა''.

ზემო-ფონიჭალა. თავშესაფარში განგვიცხადეს, რომ მომზადებულები არიან, მაგრამ მათთან არავინ მისულა. რაც შეეხება სტუდია "ობიექტივის'' შენობაში გახსნილ თავშესაფარს, იქ ღამეს რამდენიმე ადამიანი ათევს.

ირმა ინაშვილი: "როცა ძლიერი ყინვები დაიწყო, მოვიკითხეთ ის ადამიანები, ვინც ღამეს გარეთ ათენებენ. აღმოჩნდა, რომ ბევრი მათგანია მიწისქვეშა გადასასვლელებში, რკინიგზის სადგურში და აეროპორტში, მაგრამ ზოგჯერ ამ შენობებს ატოვებინებენ, ამიტომაც გავხსენით საგანგებო თავშესაფარი, სადაც 12 თებერვალს, ღამე, ორმა ადამიანმა გაათენა. 13 თებერვალს- 5 ადამიანია. მთელი დღის მანძილზე დავაპურეთ და შევმოსეთ 30-ზე მეტი ადამიანი; 5 ოჯახს გადავუხადეთ გაზის გადასახადი; მოვუწოდებთ ჩვენ თანამემამულეებს, თუ ვინმეს დაინახავენ უსახლკაროს, რუსთაველის მეტროსთან, კინოს სახლში, მე-2 სართულზე, ობიექტივის დარბაზში მოიყვანონ, სადაც სპეციალური თავშესაფარი გვაქვს მოწყობილი. სასიამოვნო ფაქტია, რომ ჩვენ ინიციატივას გამოეხმაურა დედაქალაქის მერია და ჩვენ სტუდიაშივე სოციალური სამსახურის უფროსის მოადგილემ, გიორგი სანიკიძემ განაცხადა, რომ მერია მსგავს ღამის თავშესაფრებს აუცილებლად გახსნის''.

altრუსი ჟურნალისტი სერგეი ბასტრიკი და რეზერვის ოფიცერი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, უფროსი ლეიტენანტი, 47 წლის ნინო ფოფხაძე ინვალიდ შვილთან და მოხუც 71 წლის დედასთან ერთად "ობიექტივის'' ოფისში ათევენ ღამეს. "ვერსია'' მათაც ესაუბრა:

ნინო ფოფხაძე: "1990 წლამდე მოსკოვში ვცხოვრობდი, 2 ბიჭი მყავს. ერთი დაბადებიდან ინვალიდია- 23 წლის ზურაბ ჯანელიძე. მოსკოვში დავამთავრე უნივერსიტეტი. 1990 წელს ორი შვილთან ერთად თბილისში ჩამოვედი. 1992 წელს, ეროვნული გვარდიის 28-ე სპეცდანიშნულების ბატალიონში ჩავირიცხე, აფხაზეთის ომში წავედი და წინა ხაზზე როგორც მამაკაცი, ისე ვიბრძოდი. კანონით, საცხოვრებელი ბინა და მიწის ნაკვეთი მეკუთვნოდა, მაგრამ არანაირი დახმარება არ მიმიღია. პირიქით- 4-ჯერ დაგვარბიეს. 93-ში აფხაზეთის ომიდან რომ დავბრუნდი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრებში სამსახური განვაგრძე. ჩემი დევნა შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს დაიწყო და ახლა კიდევ უფრო გამძვინვარდა. ეს ყველაფერი ტერორში, ჩემი უფლებების შელახვასა და დამცირებაში გადაიზარდა. უნივერსიტეტის ქუჩა #2-ში, თავდაცვის სამინისტროს ბინაში, შვილებთან ერთად ვცხოვრობდი. 2005 წლის 15 დეკემბერს, ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრობის დროს იქიდან გამოგვყარეს. 2006-ში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, პატარა მიწის ნაკვეთი დავიკავე, სადაც ჩემმა ინვალიდმა შვილმა პატარა ქოხი ააშენა. 2012 წლის 25 იანვარს კვლავ მომივარდნენ და ამაწიოკეს, ფეხი ვიღრძე. 26 იანვარს 200 კაცი მოიყვანეს და ღამით ქოხის დემონტაჟი გააკეთეს. ინვალიდი შვილი გარეთ გამომიგდეს, ნივთები წაიღეს და არ მიბრუნებენ. ზოგიც დაგვილეწეს. 5 დღე და ღამე ხის ძირში გავათენეთ.

- ახლა რით ცხოვრობთ?
- 46 ლარი მაქვს დახმარება და ჩემი შვილის ინვალიდობის პენსიაა ჩვენი შემოსავალი. მივმართე სახალხო დამცველს და მიხეილ სააკაშვილს. მიმიღოს სააკაშვილმა და მომისმინოს. მე, როგორც ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი და რეზერვის ოფიცერი, ვითხოვ დამაბრუნონ იმ საცხოვრებელში, საიდანაც 2005 წლის 15 სექტემბერს გამოგვყარეს. მე მამუკა ქაცარავას თავშესაფარს არ ვთხოვ, კანონით მეკუთვნის სახლი და თავდაცვის სამინისტრომ და სახელმწიფომ უნდა მომცეს''.

სერგეი ბასტრიკი, 64 წლის, ჟურნალისტი: "მე რუსეთში, ქალაქ ნიჟნიგოროდში ვცხოვრობდი. კრიტიკული სტატიების გამო გადამეკიდნენ. ეკონომიკურ დანაშაულსა და კორუფციაზე ვწერდი სტატიებს. წამართვეს სახლი და მანქანა. ფსიქიატრიულში მოთავსებას მიპირებდნენ, ამიტომაც იძულებული გავხდი, ჩემი ქვეყანა და ოჯახი დამეტოვებინა. საქართველოში 2011 წლის შემოდგომაზე ჩამოვედი. პოლიტიკური თავშესაფარი მოვითხოვე, მაგრამ ჯერჯერობით არ მომცეს. ხან მეგობართან ვათევ ღამეს და ხან- ნაცნობებთან, ხან- ადვოკატთან, ხანაც სასტუმროში. ქართველმა ადვოკატმა თანხა წაიღო და საქმეს არ მიკეთებს. მას ჩემი სამსახურისა და საცხოვრებელის საკითხები უნდა მოეგვარებინა. რუსეთიდან პენსიას მიგზავნიან და იმით ვირჩენ თავს. ამჟამად საქმე სტრასბურგში მაქვს გადაგზავნილი.

- რატომ ჩამოხვედით მაინცდამაინც საქართველოში?
- მიყვარს თქვენი ქვეყანა, მინდა, აქ ჩემს ოჯახთან ერთად ვიცხოვრო. რუსეთის ხელისუფლებას ჩემი შევიწროვებისთვის სტრასბურგში აუცილებლად უნდა ვუჩივლო''.

"ვერსია'' შეეცადა გაერკვია, რატომ შეექმნათ პრობლემები უსახლკაროებს თავშესაფრებში მისვლისას და როგორ უნდა მიაგნოს თავშესაფარს იმ უსახლკარომ, რომელსაც არც ტელევიზორი აქვს და არც არანაირ საინფორმაციო საშუალებაზე მიუწვდება ხელი? ამის გასარკვევად თბილისის მერიის სოციალური მომსახურეობისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსს მამუკა ქაცარავას ვესაუბრეთ:

- კლიმატური პირობების გამო, 300-მდე დაზარალებულია, მათგან 13 შემთხვევაში, საჭირო გახდა ოპერაციული ჩარევა. ეს იყო ტრავმული მოტეხილობები და სხვადასხვა დაზიანება. უსახლკაროების პრობლემა მთელ მსოფლოში დგას. მენტალურად, ძალიან მძიმე პრობლემაა, ვინაიდან ამ კატეგორიის ადამიანებს ვთავაზობთ თაშესაფრებს, მაგრამ მათ ქუჩაში ყოფნა ურჩევნიათ. ერთ-ერთი ქალბატონი, რომელსაც თემქის მოხუცთა პანსიონატში თავშესაფარი გამოვუყავით, ქუჩაში დარჩენა არჩია. ეს არის სისტემური პრობლემა, რომლის 100%-ით მოგვარება შეუძლებელია, მაგრამ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, მათ სურვილის შემთხვევაში თავშესაფარი რომ ჰქონდეთ.

- მერიამ თითო რაიონში თითო თავშესაფარი გახსნა. ამ ადამიანებს ღამე უჭირთ. 13 თებერვალს, გურამიშვლის გამზირზე, #33ა-ში, საღამოს რვის ნახევარზე კარი დაკეტილი იყო...
- ინციატივა 13 თებერვალს გამოცხადდა, 14 თებერვლიდან ყველა ასეთი სასადილო 24-საათიან რეჟიმში ღიაა, რათა უსახლკაროებს ღამის განმავლობაში იქ მისვლის საშუალება ჰქონდეთ. ჩემთვის ძალიან ძნელია, ამაზე კომენტარის გაკეთება, ვინაიდან ყველა გამგეობას მიღებული აქვს დავალება, რომ ასეთი უფასო სასადილოები 24-საათიან მუშაობის რეჟიმში გადავიდეს. რვის ნახევარზე დაკეტილი არ უნდა ყოფილიყო.

- ვანის ქუჩაზე მისული ახალგაზრდა საბურთალოს თავშესაფარში იმ მოტივით გაუშვეს, რომ დიღომში იყო რეგისტრირებული. რა მნიშვნელობა აქვს, სად არის დარეგისტრირებული უსახლკარო, რომელიც ღამეს ქუჩაში ათევს?
- გეთანხმებით, აქ რეგისტრაციას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. იქ, შესაძლოა, ისეთი ადამიანებიც მივიდნენ, რომელთაც პირადობის მოწმობებიც არა აქვთ და ხშირად მათ იდენტიფიცირებას საერთოდ ვერ ვახდენთ, მაგრამ მათ სახელმწიფოს მხრიდან მზრუნველობა სჭირდებათ. ზაფხულში ქუჩაში ყოფნა ურჩევნიათ, ზამთარში, როცა მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ გაიყინონ. მისამართსა და რეგისტრაციას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, იგი აუცილებლად უნდა მიიღონ იქ, სადაც მივა. ამას აუცილებლად დავარეგულირებთ.

- დროებითი თავშესაფრების შესახებ ინფორმაცია ტლევიზიით გამოცხადდა. საიდან უნდა გაიგონ ქუჩაში მყოფმა ადამიანებმა ღამის გასათევი რომ არის?
- ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ საზოგადოებას, რათა მათ გააგებინონ ასეთ ადამიანებს თავშესაფრის არსებობა, ან ცხელ ხაზზე დარეკონ, ჩვენ გავალთ და წავიყვანთ''.

"ვერსია'' თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსს ზვიად კერვალიშვილსაც ესაუბრა იმის გასარკვევად, რატომ დაუნგრიეს ქოხი ნინო ფოფხაძეს:

- სამსახურის თვითმიზანი არ არის, ვინმეს დაჯარიმება ან რამე ობიექტის დემონტაჟი. ჩვენი ამოცანაა, ქალაქში არ იყოს აშენებული არც ერთი უნებართვო შენობა, რომელიც კიდევ უფრო გააუარესებს და დაამახინჯებს ქალაქის იერსახეს. ნინო ფოფხაძემ რამდენიმე თვის წინ, ყოველგვარი ნებართვისა და პროექტის გარეშე, სახელმწიფო მიწაზე, ქალაქის საკმაოდ ცენტრალურ ადგილზე, თვითნებურად ააშენა ფიცრულის ტიპის ქოხი. რამდენიმე კვირის წინ სიტყვიერად გავაფრთხილეთ. შემდგომში ყოველდღიურად ვაფრთხილებდით, განეხორციელებინა აღნიშნული ფიცრულის დემონტაჟი. სამაგიეროდ შევთავაზეთ, რომ მერია რამდენიმე თვის განმავლობაში ბინას დაუქირავებდა. ის არ დაემორჩილა კანონს, ამიტომაც მოხდა მისი დაჯარიმება 10 000 ლარით და ქოხის დემონტაჟით. იქ იყო ანტისანიტარიის კერა.

- ახლა ის ადამიანი უსახლკაროდაა ქუჩაში დარჩენილი?
- მას დემონტაჟის დღესაც შევთავაზეთ ქირით გადაყვანა, მაგრამ უარი გვითხრა.

- ის ამბობს, რომ ნივთებს არ უბრუნებთ და ზოგიც განადგურდა
.
- ყველაფერი დავუბრუნეთ. ეს ვიდეოზეც გადაღებულია, როგორ იბარებდა ლეპტოპსა და სხვა მნიშვნელოვან ნივთებს. ფასეული რაც იყო, ყველაფერი უკან ჩავაბარეთ''.

ნინო ხარშილაძე
გაზეთი "ვერსია"